top of page

რას ნიშნავს რეალურად კეთილდღეობა და რა ქმნის ჩვენს ცხოვრების ხარისხს?

Writer: Mako Bujiashvili
Mako Bujiashvili
10 hours ago
2 min read

როდესაც გვეკითხებიან, რა გვჭირდება ბედნიერებისთვის, შესაძლოა პირველ რიგში გავიხსენოთ წარმატება, ფინანსური სტაბილურობა, კარგი ჯანმრთელობა ან სასურველი მიზნების მიღწევა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, თუმცა კეთილდღეობა გაცილებით ფართო ცნებაა .


შესაძლებელია, ადამიანს ბევრი რამისთვის ჰქონდეს მიღწეული, მაგრამ მაინც ვერ გრძნობდეს თავს კმაყოფილად. ასევე შესაძლებელია, ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი გამოწვევა არსებობდეს და ამის მიუხედავად, ადამიანი განიცდიდეს სიხარულს, კმაყოფილებასა და ცხოვრების საზრისს.

და აბა რას ნიშნავს რეალურად კარგად ყოფნა?


კეთილდღეობა მხოლოდ ბედნიერების განცდა არ არის

პოზიტიური ფსიქოლოგია შეისწავლის არა მხოლოდ იმას, თუ რა იწვევს ადამიანების სირთულეებს, არამედ იმასაც, რა ეხმარება მათ განვითარებაში, ცხოვრებით კმაყოფილებასა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში. გაგიზიარებთ მარტინ სელიგმანის PERMA მოდელს,რომელიც კეთილდღეობის ხუთ მნიშვნელოვან კომპონენტს გამოყოფს:


1. პოზიტიური ემოციები

სიხარული, მადლიერება, სიმშვიდე, იმედი და კმაყოფილება. ეს ემოციები ჩვენს ყოველდღიურ გამოცდილებას ამდიდრებს და გვეხმარება, შევამჩნიოთ ის სასიამოვნო მომენტები, რომლებიც ხშირად ჩვეულებრივ ამბებად მიგვაჩნია.


2. ჩართულობა

მდგომარეობა, როდესაც საქმიანობაში იმდენად ვართ ჩართული, რომ დროის შეგრძნებასაც კი ვკარგავთ. ეს შეიძლება იყოს შემოქმედებითი პროცესი, საყვარელი საქმიანობა, სპორტი ან ნებისმიერი საქმე, რომელშიც საკუთარ ინტერესებსა და ძლიერ მხარეებს ვიყენებთ.


3. ურთიერთობები

ადამიანებთან ახლო, მხარდამჭერი და შინაარსიანი ურთიერთობები კეთილდღეობის მნიშვნელოვანი საფუძველია. კავშირი, ნდობა, მხარდაჭერა და მიკუთვნებულობის განცდა გვეხმარება, თავი მიღებულად და დაფასებულად ვიგრძნოთ.


4. საზრისი

კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია განცდა, რომ ჩვენს ცხოვრებას აქვს მნიშვნელობა და ის რაღაც უფრო დიდთან ,რაიმე მისიასთან ან მოწოდებასთან არის დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს ოჯახი, პროფესიული საქმიანობა, პირადი ღირებულებები, სხვებზე ზრუნვა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთება.


5. მიღწევები

მიზნების დასახვა, მათკენ სვლა და საკუთარი პროგრესის დანახვა გვაძლევს კომპეტენტურობისა და პირადი წინსვლის განცდას. მიღწევა მხოლოდ დიდ წარმატებებს არ გულისხმობს. ზოგჯერ მცირე ნაბიჯებიც მნიშვნელოვანი პროგრესია.


ეს ხუთი კომპონენტი გვაჩვენებს, რომ კეთილდღეობა მრავალმხრივი გამოცდილებაა და მხოლოდ მუდმივად ბედნიერად ან გახარებულად ყოფნას არ გულისხმობს.


რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ მიზნების მიღწევა?

ხშირად საკუთარ თავს ვეუბნებით: „როცა ამ მიზანს მივაღწევ, უფრო ბედნიერი ვიქნები“, „როცა მეტი დრო მექნება, საკუთარ თავზე ვიზრუნებ“, „როცა ეს პერიოდი დასრულდება, ცხოვრებით ტკბობას დავიწყებ“.

ასე ჩვენი კეთილდღეობა მუდმივად მომავალში გადადის. თითქოს ჯერ რაღაც უნდა დავასრულოთ, მოვიპოვოთ ან შევცვალოთ, რომ საკუთარ თავს კარგად ყოფნის უფლება მივცეთ.

თუმცა ცხოვრების ხარისხი მხოლოდ იმით არ განისაზღვრება, თუ სად მივდივართ. მნიშვნელოვანია ისიც, როგორ განვიცდით გზას, რამდენად ვამჩნევთ ყოველდღიურ სასიამოვნო მომენტებს და ვუთმობთ დროს იმას, რაც ჩვენთვის ღირებულია.


კეთილდღეობა ყოველდღიური გადაწყვეტილებით იწყება

კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვის არ არის საჭირო ცხოვრების რადიკალური ცვლილება. ხშირად მნიშვნელობა მცირე, მაგრამ გაცნობიერებულ ნაბიჯებს აქვს.

შეგიძლია საკუთარ თავს დაუსვა რამდენიმე კითხვა:

  • რა მანიჭებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ნამდვილ სიხარულს?

  • როდის ვგრძნობ, რომ სრულად ვარ ჩართული იმაში, რასაც ვაკეთებ?

  • ვისთან ურთიერთობა მაძლევს მხარდაჭერისა და სიახლოვის განცდას?

  • რა ანიჭებს ჩემს ცხოვრებას მნიშვნელობას?

  • რა მცირე მიზნის მიღწევა გამახარებდა დღეს?

ამ კითხვებზე პასუხები გვეხმარება, უკეთ გავაცნობიეროთ, რა გვჭირდება და რა შეიძლება შევცვალოთ ყოველდღიურობაში.


RITROVARE: კეთილდღეობა, როგორც გამოცდილება

RITROVARE-ს კონცეფციით მჯერა, რომ კეთილდღეობა მხოლოდ ის არ არის, რასაც ვაღწევთ ან ვფლობთ. ის ჩვენი ყოველდღიური გამოცდილებების, ურთიერთობების, ემოციებისა და იმ მომენტების ერთობლიობაა, რომლებიც ცხოვრებას შინაარსს სძენს.

ზოგჯერ საჭიროა შეჩერება, საკუთარ თავთან დაბრუნება და იმის შემჩნევა, რაც უკვე გვაქვს და რაც ჩვენს ცხოვრებას ღირებულს ხდის.


რადგან კარგად ცხოვრება მხოლოდ მიზნამდე მისვლა არ არის. ეს არის თავად ცხოვრების სრულად განცდის შესაძლებლობაც.


RITROVARE: დაბრუნება აქ და ახლა.

 
 
 

Comments


bottom of page