top of page

რატომ გვჭირდება ზოგჯერ შეჩერება და დრო საკუთარი თავისთვის?

Writer: Mako Bujiashvili
Mako Bujiashvili
10 hours ago
2 min read

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც მუდმივი მოძრაობა ხშირად წარმატებისა და პროდუქტიულობის საზომად იქცა. გვინდა მეტი მოვასწროთ, მეტი შევქმნათ, მეტი ვისწავლოთ და მუდმივად წინ ვიმოძრაოთ. ჩვენი დღეები სავსეა საქმეებით, პასუხისმგებლობებითა და გეგმებით, დასვენებისთვის კი დროს ხშირად მხოლოდ მაშინ ვიტოვებთ, როდესაც ყველა სხვა საქმეს დავასრულებთ.

მაგრამ.. დგება კი ეს დრო?


ხშირად იმდენად ვართ ჩართული ყოველდღიურ პროცესებში, რომ ვეღარ ვამჩნევთ, როგორ გადის დღეები. ფიზიკურად შეიძლება ვისვენებდეთ, მაგრამ გონებით კვლავ მომდევნო დღის საქმეებზე, გადაუწყვეტელ საკითხებსა და მომავალ გეგმებზე ვფიქრობდეთ. ასეთ დროს დასვენება ყოველთვის ვერ გვაძლევს იმ განტვირთვას, რომელიც რეალურად გვჭირდება.


შეჩერება არ ნიშნავს უკან დახევას

შეჩერება არ არის დროის დაკარგვა ან ამბიციებზე უარის თქმა. პირიქით, ეს არის შესაძლებლობა, დროებით გამოვიდეთ ავტომატური რეჟიმიდან, დავაკვირდეთ საკუთარ თავს და გავაცნობიეროთ, აქ და ამჯამად რა ხდება ჩვენს ცხოვრებაში.

როდესაც მუდმივად მოქმედების რეჟიმში ვართ, ხშირად ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ საკუთარ საჭიროებებს, ემოციებსა და სურვილებს. ზოგჯერ დაღლილობას მხოლოდ მაშინ ვამჩნევთ, როდესაც ენერგია უკვე მნიშვნელოვნად გვაქვს გამოლეული.

შეჩერება გვეხმარება, უკეთ დავინახოთ საკუთარი მდგომარეობა, გავიაზროთ პრიორიტეტები და გავიხსენოთ, რა არის ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი.


გააზრებული დასვენება: მეტი, ვიდრე უბრალოდ პაუზა

დასვენება მხოლოდ ფიზიკური უმოქმედობა არ არის. ის შეიძლება იყოს გამოცდილება, როდესაც შეგნებულად ვუთმობთ ყურადღებას საკუთარ თავს, გარემოსა და აწმყო მომენტს.

ეს შეიძლება იყოს ბუნებაში სეირნობა, საყვარელი საქმიანობით დაკავება, შემოქმედებითი პროცესი, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა ან უბრალოდ დრო, როდესაც არაფრის მოსწრება არ გვჭირდება.

გააზრებული დასვენება გულისხმობს საკუთარ თავს მივცეთ უფლება, ვიყოთ აქ და ახლა.

ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საზრუნავი ქრება. ეს ნიშნავს, რომ ვსწავლობთ ყურადღების დაბრუნებას იმაზე, რაც ამ კონკრეტულ მომენტში ხდება.


რატომ არის მნიშვნელოვანი აწმყოში ყოფნა?

ჩვენი ყურადღება ხშირად ორ მიმართულებას შორის მოძრაობს: წარსულზე ფიქრსა და მომავალზე ზრუნვას შორის. ვაანალიზებთ იმას, რაც უკვე მოხდა, ან წინასწარ ვცდილობთ გავაკონტროლოთ ის, რაც ჯერ არ მომხდარა.

ამ პროცესში კი ზოგჯერ გვრჩება შეუმჩნეველი თავად ცხოვრება, ის, რაც ახლა ხდება.


აწმყოში ყოფნა გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო სრულად შევიგრძნოთ ყოველდღიური გამოცდილებები, შევამჩნიოთ სასიამოვნო დეტალები, დავტკბეთ ურთიერთობებით და უკეთ გავაცნობიეროთ საკუთარი ემოციები და საჭიროებები.

პოზიტიური ფსიქოლოგიის პერსპექტივიდან კეთილდღეობა მხოლოდ სირთულეების შემცირებას არ გულისხმობს. ის ასევე მოიცავს დადებით ემოციებს, შინაარსიან ურთიერთობებს, ჩართულობასა და ცხოვრების საზრისის შეგრძნებას. ამ გამოცდილებებისთვის კი ხშირად სწორედ დრო და ყურადღება გვჭირდება.


შეიქმენი სივრცე საკუთარი თავისთვის

შესაძლოა, ყოველთვის არ გვჭირდება ახალი მიზანი, კიდევ ერთი გეგმა ან დამატებითი მოტივაცია. ზოგჯერ გვჭირდება გარემოს შეცვლა, ყოველდღიური რუტინისგან დროებით გათავისუფლება და ისეთი სივრცის პოვნა, სადაც საკუთარ თავს ხელახლა შევხვდებით.

შეგიძლია დაიწყო მცირე ნაბიჯებით: დაუთმო რამდენიმე წუთი სეირნობას ტელეფონის გარეშე, მიირთვა ყავა აუჩქარებლად, გააკეთო ის, რაც სიამოვნებას განიჭებს, ან უბრალოდ შეამჩნიო, რას გრძნობ ამ მომენტში.

არ არის აუცილებელი, ყოველი წუთი პროდუქტიული იყოს. ზოგჯერ ყველაზე ღირებული ის დროა, როდესაც უბრალოდ

ცხოვრობ და ამჩნევ, რომ ცხოვრობ.


RITROVARE: დაბრუნება აქ და ახლა

გვჯერა, რომ კეთილდღეობა მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რასაც ვაღწევთ. ის იმაშიცაა, თუ როგორ განვიცდით საკუთარ ცხოვრებას, რამდენად ვამჩნევთ მის მნიშვნელოვან მომენტებს და რამდენ სივრცეს ვუტოვებთ საკუთარ თავს.

ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინსვლისთვის სწორედ შეჩერებაა.



 
 
 

Comments


bottom of page